ახალი ამბები
2023 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილას 88 შემთხვევა აღირიცხა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით მიმდინარე წელს ჩუტყვავილათი ინფიცირების 88 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

2023 წლის პირველ ოთხ თვეში წითელათი დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა გასულ წელს ინფიცირების 2 შემთხვევა დარეგისტრირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ორივე შემთხვევაში ინფიცირებულები წითელაზე აუცრელები იყვნენ.

"წითელას შემთხვევებმა გასულ წელს მოიმატა და სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში დაავადებული აუცრელი იყო. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში წითელათი ინფიცირება არ დარეგისტრირებულა. 2022 წელს ჩუტყვავილას სულ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. 2023 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი ჩუტყვავილას სულ 88 შემთხვევა აღირიცხა, მაისის მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის. ეს რიცხვები არის იმ ბავშვების, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას მოაკითხეს,"- უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ.

ნანა ოდიშარიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილას 88-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსრიდა, თუმცა სხვა ინფიცირებულებს დაავადების სისუსტის გამო სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავთ.

Print