ახალი ამბები
ზუგდიდმა სულუგუნის პირველ ფესტივალს უმასპინძლა
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში სულუგუნის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაში 30-მდე ადგილობრივი ფერმერი მონაწილეობდა. სამეგრელოში მსგავსი აქტივობა პირველად განხორციელდა.

ღონისძიების მონაწილე მეწარმეებმა საკუთარი პროდუქტი გამოფინეს, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ, როგორც ყველის ადგილობრივი ასევე ევროპული სახეობები.

სულუგუნის ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ რძის პროდუქტების წარმოებით დაკავებული მეწარმეები არ იღებდნენ, დახლების ნაწილი იმ ადამიანებს ეჭირათ, რომლებიც სხვადასხვა სახის ტკბილეულს ამზადებენ.

"ძალიან კარგია მსგავსი ღონისძიებები, უფრო მეტი ადამიანი გაგვიცნობს, ჩვენ შრომას აფასებენ აგემოვნებენ ჩვენ პროდუქციას. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. კარგი იქნება თუ მსგავსი შეკრებები ხშირად, სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება,"- უთხრა რადიო "ათინათს" ფერმერმა ნატო დარსალიამ.

ადგილზე შესაძლებელი იყო ოჯახში დამზადებული ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნებაც.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა სულუგუნის გაწელვის შეჯიბრი იყო. სამ მონაწილეს, რომელმაც საკუთარი ყველი 5 მეტრამდე გაწელა სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ორგანიზატორების თქმით სულუგუნის ფესტივალი მიზნად ისახავს ადგილობრივი მეწარმეებს ხელშეწყობას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი პროდუქციის წარმოების მნიშვნელობის შესახებ.

დადიანების სასახლის ეზოში სულუგუნის ფესტივალი USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.








Print