ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს 98 წევრი აირჩიეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართა, მისი დანიშნულება მერიისთვის კონკრეტული ინიციატივების შეთავაზება იქნება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში საბჭოს 98 წევრია შერჩეული.

რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერიაში უთხრეს, რომ კენჭისყრაში 1500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებს კი საინფორმაციო კამპანია უძღოდა წინ, რათა ადგილობრივებისთვის საბჭოს ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია.

"სათემო საზოგადოებრივი საბჭო მერიის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, მისი წევრები მუშაობენ ინიციატივებზე, შეიმუშავებენ ალტერნატივებს და მერისთვის ერთგვარ მრჩეველთა გუნდს წარმოადგენენ. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არიან საბჭოს წევრები განაწილებული, ერთ სოფელში მინიმუმ 5 წარმომადგენელი მაინც გვყავს. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა არჩევნების წესით მოხდა საბჭოს დაკომპლექტება. კენჭისყრაში დაახლოებით 1500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებს წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, მერიის წარმომადგენლები ხვდებოდნენ ადგილობრივებს და სათემო საბჭოს მნიშვნელობის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას,"- უთხრეს რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერიაში.

ქალაქ წალენჯიხაში სათემო საბჭოს 18 წევრი წარმოადგენს. მერიის ინფორმაციით სათემო საზოგადოებრივი საბჭო ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს.
Print