ახალი ამბები
პროკურატურა ბადრი ესებუასთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. შესვენებამდე სასამართლომ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინა. პროკურორმა მირანდა წერეთელმა ვრცლად ისაუბრა ბრალდების შინაარსის, საფუძვლის შესახებ და განიხილა ბანკზე თავდამსხმელის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება.

მირანდა წერეთელმა განაცხადა, რომ ბრალდების ყველა ნაწილს ეთანხმება და მოსამართლეს ბადრი ესებუასთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის და ზომის გამოყენება სთხოვა.

"ბრალდების მხარე ითხოვს ცნობილ იქნეს დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალში და სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოთ მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, მორალური ზიანი და გამოიყენოთ ყველაზე მკაცრი სასჯელი და ზომა,"- განაცხადა პროკურორმა პროცესზე.

შესვენების შემდეგ დასკვნით სიტყვას ბადრი ესებუას უფლებადამცველი იოსებ ჯანაშია წარადგენს.

ესებუა, რომელსაც დაკავების დროს აღმოჩენილი უკანონო იარაღის ფლობისთვის 4 წელი აქვს მისჯილი, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ბადრი ესებუა: „ბანკზე თავდასხმის შესახებ ტელევიზიით გავიგე“

შესაძლოა, ბადრი ესებუას განაჩენი დღეს გახდეს ცნობილი
Print