ახალი ამბები
ბადრი ესებუა: „ბანკზე თავდასხმის შესახებ ტელევიზიით გავიგე“
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დაიკითხა. ესებუამ უკვე უპასუხა დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის კითხვებს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ 21 ოქტომბერს სოფლიდან არ გასულა, ბანკის ძარცვის შესახებ კი ტელევიზიის საშუალებით გაიგო.

"21 ოქტომბერს ვიყავი სახლში, გავედი ორი საათით, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. "მარშუტკას" ველოდებოდი. მეზობელმა გამოიარა, გავყევი სასაფლაოზე, ორი საათი ვიყავით, ამის მერე მთელი დღე სახლში ვიყავი. ტელევიზიით გავიგე ამ ამბის შესახებ. 22 ოქტომბერსაც სახლში ვიყავი,"- განაცხადა პროცესზე ესებუამ.

ბადრი ესებუამ სასამართლოს უთხრა ისიც,რომ ბანკის ძარცვის საქმეში მისი ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია 23 ოქტომბერს მეგობარი პოლიციელისგან მიიღო. ესებუა ჰყვება, რომ ინფორმატორმა ცრუ ინფორმაცია პოლიციას თანამდებობის მიღების პირობით მიაწოდა. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან შევიწროებას მანამდეც გრძნობდა.

"23 ოქტომბერს, მეგობარმა პოლიციელმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა, ასე ამბობს, რომ 70-80% ვიცი, ვინ არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო, მე ხომ ვიციო, რომ შენ არ ხარ და ამიტომ გითხარი, ფრთხილად იყავიო. უთქვამს, მე დაგაჭერინებთ და თანამდებობაზე დამნიშნეთო. მანამდეც სულ მაჩერებდა პოლიცია, ქალაქში ვერ გავდიოდიო, სულ ფრთხილად ვიყავი რამე, რომ არ ჩაედოთ. 23 ოქტომბერს დედაჩემს დავუბარე, რომ თბილისში მივდიოდი სამკურნალოდ. გავედი სახლიდან და იმის მერე ვიყავი ხან მეგობართან, ხან ნათესავთან, ასე გავიდა ორი დღე. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდით, თურმე ფოტო გადაუღია წამოწოლილი რომ ვარ ისე და ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. მე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის სოციალურ ქსელებს პოლიციელები აკონტროლებდნენ. ჩემმა ძმამ არ იცოდა, რომ დეიდაშვილთან ვიყავი. მერე წავედი. მეგონა, ყველაფერი გაირკვეოდა, მაგრამ ჩემი უდანაშაულო ძმა დაიჭირეს და გადამეწურა იმედი",-უთხრა სასამართლოს ესებუამ და ასე ახსნა მიმალვაში ყოფნა.

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულმა მისი დაკავების ეპიზოდიც გაიხსენა. ის ჰყვება, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და გამომძიებლების ჩვენებას, სადაც ამტკიცებენ, რომ ესებუამ ბრალი აღიარა, სიცრუეს უწოდებს. ამასთან, ესებუა ამტკიცებს, რომ მისი დაკავების მცდელობა არაერთხელ ჰქონია პოლიციას, თუმცა თავი რამდენჯერმე დააღწია.

"დილის 4 საათი იყო. მოვიდნენ პოლიციები, ვიწექი. მეძინა, აზრზე ვერ მოვედი, წინააღმდეგობა არ გამიწევია. პატარა ოთახში 10 სპეცრაზმელს რა წინააღმდეგობას გავუწევდი.გამომძიებლების ჩვენება იყო სიცრუე, აღიარა დანაშაულიო, კარს დაეჯახაო, თანხა ნახევარი დავხარჯე, ნახევარი დავკარგეო, თქვაო - ეს ტყუილია. მანამდეც ჰქონდა დაკავების მცდელობა ბევრ ადგილას. მე აქ ვიყავი, ქვეყანა არ დამიტოვებია, აფხაზეთშიც ვიყავი. მე არ ვიცი, სასურველი კანდიდატი ვიყავი თუ რატომ დამაბრალეს ალქაიდას წევრობა,"- განაცხადა პროცესზე ესებუამ.

ბადრი ესებუას კითხვები დაუსვეს პროკურორებმაც. ბრალდების მხარე დაინტერესდა, ვინ იყო ის მეზობელი, რომელსაც ესებუა ბანკის ძარცვის დღეს სასაფლაოზე გაჰყვა, მისი განცხადებით, მეზობელი, რომელსაც ამის დამტკიცება შეეძლო, გარდაცვლილია. პროკურორებმა ასევე იკითხეს იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ბადრი ესებუას უთხრა, რომ ბანკზე თავდასხმას მას აბრალებდნენ, თუმცა ეჭვმიტანილმა ამ კითხვასაც არ უპასუხა.


"მეზობელი, რიმელმაც სასაფლაოზე წამიყვანა, აღარ არის ცოცხალი. როგორ ვიტყვი იმ პოლიციელის ვინაობას. თქვენ რატომ არ ასახელებთ წყაროს? მეც ჩემი კანონი მაქვს და ვერ ჩავუშვებ იმ ადამიანს, ბოდიში,"- ასე უპასუხა ესებუამ პროკურატურის კითხვებს.

ხმის დამთხვევასთან დაკავშირებით ესებუა ამბობს, რომ მძარცველის ხმის ნიმუში და მისი ხმა იდენტური არ არის, პროკურატურა კი ექსპერტზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

"რამე ირიბი კავშირი მაინც მქონოდა ამ საქმესთან, მტკიცებულება გექნებოდათ. ეს ხმა ჩემი არაა და ექსპერტზე რა ზეწოლა მოახდინეთ, მე თავს ვერ დავდებ, რომ გდგომოდათ ჩემი ადვოკატის იოსების ხმაზეც იტყოდით, იდენტურიაო,"- განაცხადა ესებუამ.

ამ წუთებში სასამართლო პროკურატურის დასკვნით სიტყვას უსმენს.

ესებუა, რომელსაც დაკავების დროს აღმოჩენილი უკანონო იარაღის ფლობისთვის 4 წელი აქვს მისჯილი, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.



ამავე თემაზე:

შესაძლოა, ბადრი ესებუას განაჩენი დღეს გახდეს ცნობილი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / მაისი 2024
წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოჩამჩირის სოფლები კინდღი, ჯგერდა და ათარა დააზარალა, იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
13 / მაისი 2024
"დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელიც 30 აპრილის ღამეს მერიასთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა
13 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა "აგენტების" კანონი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ გააპროტესტა 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.