ახალი ამბები
ბადრის ესებუას ადვოკატი: "ხომ არ იყო ეს საქმე დადგმული სპექტაკლი"
ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ დასკვნით სიტყვაში ყურადღება სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა, მათ შორის, ხაზი გაუსვა იმას, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება.

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ექსპერტიზის შედეგები გაყალბებულია. ამასთან, მან მოსამართლეს რიტორიკული კითხვით მიმართა და ბანკზე თავდასხმის კავშირს ბადრი ესებუასთან ზღაპარი უწოდა.

"ხომ არ იყო ეს წინასწარ დადგმული სპექტაკლი, რომ ორი წლის შემდეგ შს მინისტრს ქულები დაეწერა ძებნილის დაჭერით? ჩვენ ამ საქმეზე არ გვაქვს სამართლიანობის განცდა, გვაქვს სხვა მიზნები, არ გვაქვს სამართლიანობის მოლოდინი, თუმცა, მოვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს",- თქვა ჯანაშიამ.

ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ პროცესზე გარდა ავთო გალდავასი, ვერცერთმა მძევალმა ესებუა ვერ ამოიცნო. მანამდე პროკურატურამ დასკვნით სიტყვაში ესებუასთვის სასჯელის უმაღლესი ზომის მისჯა მოითხოვა.

დასკვნითი სიტყვების შემდეგ ბრალდებულმა პროკურორს მიმართა.

"მკვლელს მეძახით მე და თქვენ ხართ ეს. თქვენ ვის დანაშაულზე საუბრობთ? ჩემი უდანაშაულო ძმა დაიჭირეთ. ყველამ იცის თქვენი სისტემა რას აკეთებს. ამაზე მოგიწევთ პასუხისგება. კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები ხართ. ცრუ ბრალდებებს შეეშვით",- მიმართა ესებუამ პროკურორებს.

დღესვე დაიკითხა ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

ესებუა, რომელსაც დაკავების დროს აღმოჩენილი უკანონო იარაღის ფლობისთვის 4 წელი აქვს მისჯილი, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:


ბადრი ესებუა: „ბანკზე თავდასხმის შესახებ ტელევიზიით გავიგე“

შესაძლოა, ბადრი ესებუას განაჩენი დღეს გახდეს ცნობილი

Print