ახალი ამბები
ბადრი ესებუა : „იმედი არ მაქვს რომ სამართლიანი განაჩენი იქნება"
ბადრი ესებუას საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა. მანამდე მან ბრალდებულს საბოლოო სიტყვის უფლება მისცა, თავის მხრივ ბრალდებულმა თქვა, რომ არ აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი და აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც პროკურატურას სურს.

"იმედი არ მაქვს რომ სამართლიანი განაჩენი იქნება. სასამართლო, პოლიცია და პროკურატურაც თქვენია. თუ გინდა უბადო გამომიტანეთ,"- მიმართა სასამართლოს ბადრი ესებუამ.

პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემაც, უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ფიქრობს, რომ ექსპერტიზის შედეგები გაყალბებულია. ამასთან, მან მოსამართლეს რიტორიკული კითხვით მიმართა და ბანკზე თავდასხმის კავშირს ბადრი ესებუასთან ზღაპარი უწოდა.

დღესვე დაიკითხა ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

ესებუა, რომელსაც დაკავების დროს აღმოჩენილი უკანონო იარაღის ფლობისთვის 4 წელი აქვს მისჯილი, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმას არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:


პროკურატურა ბადრი ესებუასთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს

ბადრი ესებუა: „ბანკზე თავდასხმის შესახებ ტელევიზიით გავიგე“


Print