ახალი ამბები
ბადრი ესებუა ტერორისტად ცნეს - მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისა და ტერორიზმისთვის დაკავებული ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მანამდე სასამართლომ მოუსმინა ბრალდებულს, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს.

ორი წლისა და ოთხი თვის ძებნის შემდეგ ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 


ამავე თემაზე:

ბადრი ესებუა : „იმედი არ მაქვს რომ სამართლიანი განაჩენი იქნება"

პროკურატურა ბადრი ესებუასთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს

ბადრი ესებუას პროცესზე აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს

ბადრი ესებუას დედა: „2020 წლის 21 ოქტომბერს ჩემი შვილი მთელი დღე სახლში იყო“

ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს
Print