ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებული რუსული ბაზის სამხედროებს წვრთნები ჩაუტარდათ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხადრო ბაზის სამხადროებისთვის "ანტიტერორისტული" სწავლება ჩატარდა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წვრთნები ჩატარდა "პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად და "სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობის აღსაკვეთად".

ინფორმაციაში არ არის მითითებული სამხრეთის სამხედრო ოლქის რამდენი სამხედრო და რამდენი ერთეული ტექნიკა იყო ჩართული სასწავლო ღონისძიებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები რუსეთის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად პერიოდულად ატარებენ "ანტიტერირისტულ წვრთნებს".

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სადაზვერვო ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისთვის წებელდის პოლიგონზე გაიმართა წვრთნები.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხრეთის სამხედრო ოლქის მე - 7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული.




Print