ახალი ამბები
სოხუმში ისევ დააყენეს გალში (IPRM) შეხვედრების განახლების საკითხი
სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაციაში შედიოდნენ, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - ტოივო კლაარი, ასევე გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები - ჯიჰან სულთანოღლუ და ზიგფრიდ ვებერი.

მანამე, მიმდინარე წლის იანვარში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე მას ორჯერ უთხრეს უარი ოკუპირებულ რეგიონში შესვლაზე.

შეხვედრაზე აფხაზურ მხარეს წარმოადგენდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ლაშა ავიძბა და არტურ გაგულია.

„საგარეოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე - 60 რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს.

ამავე ცნობით, სოხუმი კვლავ დაჟინებით ითხოვს თბილისთან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერას, რასაც ისინი „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობის ძირითად ასპექტად“ მიიჩნევენ. 

შეხვედრის მონაწილეებმა ისევ დააყენეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების, ასევე გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში, სადაც ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობდა, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.

გასული წლის დეკემბერში გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების ზონას ამზადებს.

ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2024 წლის 4 - 5 აპრილს გაიმართება.

Print