ახალი ამბები
თავდასხმის შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ექიმი

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში თავდასხმის შედეგად დაშავებული ტარიელ ჯიმშელიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა.


ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის რეანიმატოლოგმა, მორიგე ექიმმა ფიქრია საბურუამ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს სახესა და გულმკერდზე მრავლობითი დაჟეჟილობა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

,,პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ნეკნების მოტეხილობა აქვს მარცხნივ, სახეზე და გულმკერდზე აღენიშნება მრავლობითი დაჟეჟილობები, პროგნოზის განსაზღვრა, ჯერჯერობით, შეუძლებელია’’ - ამბობს მორიგე ექიმი.

გუშინ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში მკვლელობა დღის პირველ ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 70 - წლამდე მზევინარ მიქაია. მას და მის მეუღლეს, ერთ-ერთი ვერსიით, საკუთარ სახლში დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებულ პირებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

 


 

Print