ახალი ამბები
პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია - ექიმი თავდასხმის შედეგად დაშავებულზე
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ხარისხის დირექტორის მადონა რაფავას ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ დევნილთა დასახლებაში თავდასხმის შედეგად დაშავებული ტარიელ ჯიმშელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

"მისი მართვითი სუნთქვიდან მოხსნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე კონტაქტში არ შემოდის და ხელოვნური ძილის ქვეშაა. უნდა დავაკვირდეთ დინამიკას. გაუარესება არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვით, პროგნოზს", - უთხრა რადიო "ათინათს" რაფავამ.

როგორც გუშინ რეფერალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა ფიქრია საბურუამ განაცხადა, პაციენტს სახესა და გულმკერდზე მრავლობითი დაჟეჟილობა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

5 აპრილს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში მკვლელობა დღის პირველ ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 70 - წლამდე მზევინარ მიქაია. მას და მის მეუღლეს, ერთ-ერთი ვერსიით, საკუთარ სახლში დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებულ პირებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

Print