ახალი ამბები
აფხაზურმა ოპოზიციამ ბჟანიას 10 დღიანი ვადა მისცა „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის გასაუქმებლად
აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მოსთხოვა ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიოს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი. ისინი მოუწოდებენ ასლან ბჟანიას, 10 დღის ვადაში მიიღოს საჯარო გადაწყვეტილება და „უარი თქვას ანტიხალხურ ინიციატივებსა და კანონპროექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.

„აბხაზია ინფორმის“ თანახმად, „ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ თავმჯდომარემ ასლან ბარციცმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ოპოზიცია ითხოვს, „აღმასრულებელმა ხელისუფლებამ“ გააუქმოს „პარლამენტში“ შეტანილი „უცხოეთის აგენტების“ , ბინების და აპარტ ოტელების შესახებ კანონპროექტები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „ამკაცრებენ ჯარიმებს ცილისწამებისთვის“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში, აქტივისტები უახლოეს მომავალში „ეროვნული კრების“ მოწვევას გეგმავენ.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში 7 თებერვალს შეიტანა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.



Print