ახალი ამბები
ქუჩის ქალებო, გულის არევა ხარ, საქონელი - გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი აქტივისტ ქალებს მიმართავს (ფოტო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ლაშა გვასალიამ აქტივისტი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უხამსი და სექსისტური პოსტი და კომენტარები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. გვასალია რამდენიმე მათგანს მიმართავს და ისეთ ლექსიკას იყენებს, როგორიცაა "ქუჩის ქალი, გულის რევა, არარაობა და ასე შემდეგ".

რადიო "ათინათმა" გვასალიას ჰკითხა, რატომ გამოიყენა საჯარო მოხელემ უხამსი და არანორმატიული ლექსიკა ქალების მიმართ, რაზეც გვპასუხობს, რომ მის ოჯახს აქტივისტმა ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"საჯარო მოხელე რომ ვარ, არ ნიშნავს, რომ აზრის გამოხატვის უფლება არ მაქვს, ჩემი პირადი ფეისბუქია და რასაც მინდა, დავწერ. ჩემს ოჯახს, მიცვალებულ მამას შეეხნენ. ამას ასე არ დავტოვებ", - გვითხრა გვასალიამ. მან ისიც დასძინა, რომ აქტივისტ ქალებს "დასჯის", თუმცა, რას გულისხმობდა, ჩვენი კითხვის საპასუხოდ, არ განუმარტავს. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან მხარის გუბერნატორმა 2021 წელს გადააყენა. მაშინ გვასალია ამბობდა, რომ პოსტიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის გამო გაუშვეს. მოგვიანებით, გვასალია სამსახურში აღადგინეს. ის არჩევნების დროს "ქართული ოცნების" შტაბის წევრიც იყო. 

Print