არჩევნები
სენაკში"ენმ"-ს ლიდერებთან შეხვედრას ინციდენტი მოჰყვა
სენაკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს სანდრა რულოვსსა და კობა ნაყოფიას გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი და მისი ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ.

„პასუხი ჯერ ჩვენ გაგვეცით და ხალხს მერე დაელაპარაკეთ, არასოდეს სინანული არ გამოგიხატავთ ჩემ მიმართ, არცერთი დედის მიმართ, გასამრავლებელი ბიჭები რომ გაჟლიტეთ,“ – მიმართა მათ მეტრეველმა.

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ შეხვედრა გააგრძელა.

"მე პოლიტიკაში სუფთა ფურცლიდან მოვდივარ, ჩვენ გვინდა მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ და რაც იყო ცუდი, წარსულში დავტოვოთ. მე არ უნდა დამაბრალოთ და არ უნდა მითხრათ, რომ სისხლში ვდგავარ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. რაც შეეხება კობა ნაყოფიას, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ამიტომ ისტერიკაშია.

სენაკის შემდეგ "ენმ"-ს ლიდერები მოსახლეობას ქუთაისში შეხვდებიან.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2004 წლის 24 ნოემბერს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
Print