არჩევნები
დომენტი სიჭინავა ბაზრობებზე მომუშავეებს შეხვდა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა, დღეს სავაჭრო ცენტრ "ალიანსსა" და ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში მომუშავე ადამიანებს შეხვდა.




მათ მერობის კანდიდატთან საუბრისას მთავარ პრობლემად პროდუქციის რეალიზაციის ნაკლებობა, მაღალი გადასახადები და გარევაჭრობა დაასახელეს. მოვაჭრეებმა ზვიად სიჭინავას არჩევის შემთხვევაში, ამ პრობლემების მოგვარება სთხოვეს და მხარდაჭერაც აღუთქვეს.



გარდა ამისა, "ალიანსისა" და ცენტრალური სუპერმარკეტის თანამშრომლებმა დომენტი სიჭინავას ჰკითხეს, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ შეძლებს ის უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, რომელიც ყველაზე მეტად ახალგაზრდობას აწუხებს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ პრობლემების მოგვარებას ერთ დღეში ვერავინ შეძლებს და თუ ამის პირობას ვინმე იძლევა, ის იტყუება. სიჭინავამ ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ მათ არჩეული ხელისუფლებისგან უნდა მოითხოვონ იმის კეთება, რაც ევალებათ.




"22 ოქტომბერსაც აქ ვიქნები და გავაკეთებ იმას, რასაც ახლა ვლაპარაკობ. მე არსად მივდივარ, ვრჩები ზუგდიდში", - ასე დაასრულა დომენტი სიჭინავამ დღევანდელი შეხვედრები სავაჭრო ცენტრსა და ცენტრალურ სუპერმარკეტში.

®
Print