არჩევნები
ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა (ვიდეო)
ზუგდიდში 107 საარჩევნო უბნიდან ყველა მონაცემი დათვლილია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 4%-იანი ბარიერი სულ სამმა პარტიამ გადალახა. შესაბამისად, საკრებულოს მომავალ შემადგენლობაში ამ პარტიების წევრები იქნებიან.

ყველაზე მეტი ხმა ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და ხმების საერთო რაოდენობის 54, 1 % დააგროვა. მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გავიდა 23, 3 %-ით, ხოლო მესამეზე - „ევროპული საქართველო“ – 10, 6 %-ით.

„რაც შეეხება მანდატებს, ჩვენ გვაქვს 11 დღიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში ზუსტად დადგინდება, რომელი პარტია რამდენი მანდატით შევა საკრებულოში“, - აღნიშნა მესხმა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა მაჟორიტარულ ოლქში, გარდა ანაკლიისა, მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. რაც შეეხება ანაკლიას, აქ ხმების 43, 4 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიპოვა.

შესაბამისად, ზუგდიდის მომავალ 50 მანდატიან საკრებულოში უმეტესი მანდატების რაოდენობით „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი, ენმ-სა და „ევროპულ საქართელოს“ კი რამდენიმე ერთეული წარმომადგენელი ეყოლებათ.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ ხმების 54, 7 % დააგროვა, რაც შეეხება ენმ-ის კანდიდატ ლევან კონჯარიას, მან 20, 6 % მიიღო, მესამე ადგილზე კი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა გავიდა 14, 5 %-ით.

მირანდა მესხის ინფორმაციით, 67-ე საარჩევნო ოლქში სულ 10 საჩივარი შევიდა, რომელთაგან ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. საჩივრებს კი კომისია მომდევნო ორი დღის განმავლობაში განიხილავს.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, მესხის შესაფებით, მაჩვენებელი საშუალოა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდში 45 669 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37, 89 %-ს შეადგენს.



Print