არჩევნები
ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გაფრთხილება მიიღო (ვიდეო)
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის მე-100, 46-ე და მე-20 საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილება დააკისრა. დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები „სამართლიან არჩევნებს“ და „საიას“ ჰქონდათ შეტანილი.

კომისიის 13 წევრიდან ყველა დაეთანხმა მეასე უბნის თავმჯდომარისთვის აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საიას საჩივრის თანახმად, ოქმზე არ იყო ბეჭდები და საარჩევნო ყუთებზე ლუქები განთავსებული იყო მხოლოდ ერთ მხარეს. თავად თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევების მიზეზად საკუთარი გამოუცდელობა დაასახელა.

სხდომას არ დასწრებია 46-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომლის მიმართაც კითხვები 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს ჰქონდა. საუბარია გადასატანი ყუთის შედეგებისა და საბოლოო კენჭისყრის შედეგების გაბათილების მოთხოვნაზე.

„ძალიან მაინტერესებს, როგორ გააბათილებდა იმ ორ ხმას. გრძნობს, ალბათ თავის დანაშაულს“, - თქვა მესხმა.

13 კაციანი კომისიიდან სამი ოპოზიციონერი წევრი თავმჯდომარისთვის მკაცრ ზომას, კონკრეტულად კი ხელფასის დაკავებას ითხოვდა, თუმცა, ხმათა უმრავლესობით მას მხოლოდ გაფრთხილება დაეკისრა. რაც შეეხება გაბათილებას, კომისიამ არც ამას დაუჭირა მხარი, არგუმენტად კი წევრებმა ის მოიყვანეს, რომ ორი ხმა არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საიას“ საჩივრები მეოცე საარჩევნო უბანსაც შეეხო. აღნიშნულ უბანზე ოქმებზე არ იყო დასმული ბეჭედი და ერთ-ერთ ოქმში შედეგების აღმნიშვნელი ციფრები გადასწორებული იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის 3 წევრი 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა კომისია ამ შემთხვევაშიც მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

დღეს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემოსული 9 საჩივრიდან 8 მათგანი განიხილა. „საიას“ ერთ საჩივარზე, რომელსაც ვიდეო მასალა ერთვის, მირანდა მესხის თქმით, კომისია ხვალ იმსჯელებს.

დღევანდელ სხდომას კომიისიის ყველა წევრი და  „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საიას“ წარმომადგენლები დაესწრნენ. 
Print