21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სამეგრელო-ზემო
სვანეთის მასშტაბით, ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული
მონაცემების მიხედვით, 22 400-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა. აქედან,
ყველაზე მეტი 6 190-ზე მეტი ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში,
რომელშიც საკუთარი არჩევანი 45 669 მოქალაქემ გააკეთა. ყველაზე
ნაკლები - 500-მდე მესტიის 47-ე ოლქში, სადაც 5 432 ამომრჩეველი
მივიდა. რეგიონში საკუთარი პოზიცია სულ 163 185 ადამიანმა
დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მესტია ერთადერთი ოლქია,
რომელშიც რამდენიმე ათეულ უბანზე არცერთი ბიულეტენი არ გაბათილებულა. გარდა ამისა,
ზოგიერთ უბანზე გაბათილებული ბიულეტენების გრაფაში ციფრები
გადასწორებულია და მკაფიოდ არ იკითხება.
19 269 დაფიქსირებული ამომრჩევლიდან ბიულეტენი 2 806 მოქალაქეს
გაუბათილდა მარტვილის 65-ოლქში. ეს ის ოლქია, რომელშიც 50 %-იანი
ზღვარი ვერცერთმა მერობის კანდიდატმა ვერ გადალახა და შესაბამისად,
მეორე ტური დაინიშნა.
რაც შეეხება სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებს, ბათილი ბიულეტენების
რაოდენობა უმეტესად 1000-დან 2000-მდე მერყეობს.
კერძოდ, მათი რაოდენობა ხობში 2 370-ზე მეტია, აბაშაში - 1 570-ს
აჭარბებს, წალენჯიხაში - 2 080-მდეა, ფოთში - 2 800-ს აღემატება,
სენაკში - 2 470-ზე ოდნავ მეტია, ჩხოროწყუში კი - 1 680-ს
უტოლდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს უბნებზე
სამი ფერის ბიულეტენი ხვდებოდათ. მათ მერობის, მაჟორიტარი
დეპუტატობისა და სასურველი პარტიის ნომრები ღია ცისფერ, ვარდისფერ და
ღია მწვანე ბიულეტენებზე უნდა შემოეხაზათ.
საოლქო საარჩევნო კომისიებს შემაჯამებელი ოლქების საბოლოო შედეგების
დასადგენად ვადა პირველ ნოემბრამდე აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები