არჩევნები
ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის ჩამოსვლა გააპროტესტეს (ვიდეო)
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ხელმძღვანელმა ცაბუნია ვართაგავამ და მოქალაქე აქტივისტმა როსტო ზარანდიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში  ჩამოსვლა გააპროტესტეს. მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: „არ შეეგუო ოკუპაციას“, „სალომე აქ ვერ გათხრი“, „ბარს არ მოგცემ“.

ცაბუნია ვართაგავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, როდესაც ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო.

„ჩვენ რომ ღირსეული სახელმწიფო ვიყოთ, სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად იყაროს კენჭი. ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, როდესაც ამბობს რომ ომი დაიწყო საქართველომ და არ აღიარებს რუსულ ოკუპაციას“, - თქვა ვართაგავამ.


აქციის მონაწილეებს პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მხარდამჭერი პოეტი ლია ნაროუშვილი დაუპირისპირდა და მათ ქვეყნის სირცხვილი უწოდა. ნაროუშვილი მიიჩნევს, რომ   ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია და ის საქართველოს მომავალს შეუქმნის. მან ჟურნალსტებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი უმეტესობა ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგი იყო და მხარს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს უჭერდა. 

„დღეს აქ ვისაც მე ვხედავ ჟურნალისტების სახით, აქედან უმრავლესობა ეროვნული მოძრაობის მტრები იყვნენ. ყველა ვინც ფინანსდებოდა სხვადასხვა წყაროებით და ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს“,- თქვა ლია ნაროუშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ჩამოვიდა, ის ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს გაესაუბრა.

ამავე თემზე:

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა


Print