არჩევნები
„ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები ზუგდიდში: ბაქრაძის პროგრამა ყველას ეხება (ვიდეო)
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერების შეხვედრები მოქალაქეებთან გრძელდება. დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის მხარდამჭერები შეხვნენ. მათ ის მთავარი არგუმენტები წარმოადგინეს, რის გამოც არჩევნებზე მხარს სწორედ ბაქრაძეს უჭერენ.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა თქვეს, რომ დავით ბაქრაძე ერთადერთი კანდიდატია, რომლის პროგრამა თანაბრად ეხება სტუდენტებს, ემიგრანტებს, პენსიონერებს და საზოგადოების ყველა ფენას. მათ ასევე თქვეს, რომ ბაქრაძეს, რომელი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მისი ხელისუფლების დაშვებული შეცდომების აღიარების არ რცხვენია.

alt

„ბაქრაძე არის ერთადერთი რეალური კანდიდატი, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება. მისი პროგრამა მეხება პირადად მე. ძალიან მინდა, რომ ჩემი მშობლები იყვნენ საქართველოში დასაქმებულები. მივიღებდი მონაწილეობას პრეზიდენტის ფონდის მიერ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში. მინდა, რომ ჩემს ბებია-ბაბუას ჰქონდეს გაზრდილი ხელფასი და ისარგებლონ ამით“, - თქვა ერთ-ერთმა მხარდამჭრმა მარიამ კუკავამ.



მოქალაქე აქტივისტი თეონა ქარდავა დაინტერესდა, როგორ აპირებს დავით ბაქრაძე პენსიების გაზრდას ან ემიგრანტებისთვის ლეგალური სამუშაო ადგილების შექმნას, რაზეც ბაქრაძის მხარდამჭერებმა უპასუხეს, რომ “ევროპულ საქართველოს“ დეტალურად აქვს გათვლილი, რა სახსრებით იზამს ამას.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ არ აქვთ გააზრებული, რა რესურსებით შეძლებს დავით ბაქრაძე იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გაწერილი აქვს პროგრამაში“, - თქვა ქარდავამ.

alt

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატის ზუგდიდელმა მხარდამჭერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დავით ბაქრაძე არის კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ ომი არა საქართველომ, არამედ რუსეთმა დაიწყო.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს თავისუფალ სივრცეს უთმობს.ზუგდიდის ოფისში გუშინ სალომე ზურაბიშვილისა და კახა კუკავას მხარდამჭერებს მოუსმინეს.
Print