არჩევნები
"ოცნების" შემაჯამებელი ბრიფინგი ზუგდიდში განვითარებულ საარჩევნო პროცებზე
"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, მათმა კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ღირსეული კამპანია აწარმოა. ის თვლის, რომ ოპონენტების მხრიდან არაერთი პროვოკაციული ქმედების მიუხედავად, შენგელიას წითელი ხაზი არასოდეს გადაუკვეთავს.

"ვინაიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს, მათი ერთადერთი მიზანი ამ ეტაპისთვის არის არჩევნების ჩაშლა. ამას ცდილობენ ვითარების ხელოვნურად დაძაბვით და ტემპერატურის მაქსიმალურად აწევით. სწორედ ამიტომ, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ქმედება დესტრუქციისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული", - თქვა ჩიქოვანმა.

ის ამბობს, რომ  არჩევნების ჩაშლისა და არეულობის მოწყობის მიზნით, ოპოზიციას ცნობილი ზონდერ-ლიდერების სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ზუგდიდში, ასობით ზონდერ-აქტივისტი ჰყავს ჩამოყვანილი. 

"მათ ღიადაც განაცხადეს, რომ ზუგდიდში 5000 აქტივისტის მობილიზებას აპირებენ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა საფარქვეშ, დამკვირვებლის სტატუსით, საარჩევნო უბნებზე 3000 აგრესიული პირის ჩანერგვას გეგმავენ, რომელთა რეალური დავალება არა საარჩევნო პროცესზე დაკვირვება, არამედ მისი ჩაშლაა. სამეგრელოში მცხოვრებ ადამიანებს, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს კარგად ახსოვს, რომ წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სტილი არეულობაზე, საზოგადოების გახლეჩვის მუდმივი მცდელობაზე და საკუთარ ხალხზე ძალადობაზე გადიოდა. დღეისთვის კი, როდესაც სხვა რესურსზე ხელი აღარ მიუწვდებათ, არეულობის და დაპირისპირების შესაქმნელად ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და პროვოკაციების მოწყობას ეყრდნობიან", - ამბობს ჩიქოვანი.

"ქართული ოცნების" შტაბში აცხადებენ, რომ  დეზინფორმაციის გავრცელებისა და არეულობის მოწყობის რა მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და არავის მისცემს დესტრუქციის საშუალებას.

"არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში. თითოეულ სამართალდარღვევას, ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებას, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება!

ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს, რადგანაც ოპონენტები, ყველაფრის ფასად, მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ზუგდიდი დაძაბულობის ცენტრად აქციონ", - აღნიშნა ჩიქოვანმა. 

მმართველი პარტიის შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობის შემთხვევაში მათი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.





Print