ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის 10 ტაძარში ხმოვანი მოწყობილობა დამონტაჟდება
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის 10 ტაძარში სპეციალური ხმოვანი მოწყობილობები დამონტაჟდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ეპარქიის მდივანმა, მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ უთხრა. მისი თქმით, აღნიშნული მოწყობილობების დახმარებით, მრევლის ნაწილს საშუალება ექნება წირვას გარეთ მოუსმინოს. 

"ამ დროისთვის ეტაპობრივად მიმდინარეობს ეპარქიის 10 ტაძრის რადიოფიცირება, გარე გახმოვანებების მონტაჟი. ეს ის ტაძრები გახლავთ, სადაც მრევლის რაოდენობა დიდია. ამასთან ერთად თუ ამინდი მოგვცემს შესაძლებლობას, ვფიქრობთ გამოვიყენოთ გარე სივრცეები და მსახურებები. მათ შორის კვირა დღეს ლიტურგია ჩატარდეს ღია ცის ქვეშ, გაშლილ სივრცეში, სადაც დისტანციაც ბუნებრივად დაცული იქნება", - გვითხრა მან.

მისივე ინფორმაციით, გარე გახმოვანება შემდეგ ტაძრებში დამონტაჟდება: 

1. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი;

2. ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი;

3. ზუგდიდის კვირაცხოვლის სახელობის ტაძარი;

4. ზუგდიდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი; 

5. ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი; 

6. რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი;

7. ჭკადუაშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი;

8. ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარი;

9. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი;

10. ოჭანეს დედათა მონასტერი;


საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსის გავრცელების შესაძლო გამწვავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს წირვის მოსმენა.
Print