ახალი ამბები
დარჩელში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას საჭიროებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც თაზო ტორუამ რადიო "ათინათს" უთხრა, მისი ძმის რეაბილიტაცია და მკურნალობა ყოველდღიურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი რესურსიც ოჯახს ამოეწურა. 

საქველმოქმედო კამპანია 28 წლის ახალგაზრდის ოჯახის ახლობლებმა სოციალურ ქსელშიც წამოიწყეს. 

"28 თებერვალს, დარჩელში მძიმე ავარიას ემსხვერპლა 3 ახალგაზრდის სიცოცხლე, ხოლო კუზა ტორუა მამით ობოლი დღესაც მძიმე მდგომარეობაში იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად. მისი მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, ახელს თვალს და როცა ესაუბრებიან ცრემლი მოსდის, თითქოს გრძნობს საუბარს... არის იმის შანსი რომ გადარჩეს. 1 თვეზე მეტია წევს ზუგდიდის ჭითაწყარის საავადმყოფოში, რეანიმაციის განყოფილებაში. მინდა ყველას გთხოვოთ, გაავრცელოთ, იქნებ რომელიმე ტელევიზიამ, ჟურნალმა, ინტერნეტ-მედიამ მიიტანოს გულთან ამ ახალგაზრდის მდგომარეობა. მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია ყოველდღე გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ოჯახმა კი ამოწურა ყველა რესურსი. გთხოვთ თუნდაც ლარით დავეხმაროთ და იქნებ შევძლოთ ამ 28 წლის ახალგაზრდის გადარჩენა. (ასევე გთხოვთ შეძლებისდაგვარად გავავრცელოთ ინფორმაცია, რადგან ნებისმიერი სახის დახმარება მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია). მისი მდგომარეობის შესახებ დეტალურად თუ ვინმე დაინტერესდით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მის ძმას თაზო ტორუას (597 93 93 97)", - ნათქვამია პოსტში.

კუზა ტორუასთვის თანხის გადარიცხვა VTB ბანკში გახსნილ ანგარიშზეა შესაძლებელი - GE92VT1000003481194506, მიმღები ქრისტინა ტორუა.

ოჯახის ინფორმაციით, ამ დროისთვის კუზა ტორუა, რომელსაც თავის ტვინის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.


Print