ახალი ამბები
გუბერნატორი: თუ ასე გაგრძელდა ზუგდიდის ბაზრის დაკეტვა მოგვიწევს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის ბაზარში არსებულ მდგომარეობასა და მის შესაძლო დახურვაზე ისაუბრა. ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სიტუაციის გასაკონტროლებლად, პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

"ქალაქში მომრავლებულია ავტომობილები, ქუჩებში აღინიშნება ხალხმრავლობა, დაგვჭირდა პოლიციის სრული მობილიზება ბაზართან, სამწუხაროდ პოლიცის მოუწია ჯარიმების გამოწერაც! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ მოსახლეობას - დაიცვან დისტანცია. ჩვენ ბაზრის ნაწილობრივ ამუშავების გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება, ბაზარში შეეძინათ პროდუქტები. მაგრამ სამწუხაროდ ის რაც ხდება დღეს ბაზართან ძალიან ცუდია, გვიწევს ისევ პოლიციის ძალების მობილიზება და ამ საქმეში მათი რესურსის დახარჯვა. ამ საკითხს განვიხილავთ პოლიციასთან ერთად, თუ პოლიცია ჩათვლის საჭიროდ, რომ სიტუაციის გაკონტროლება იქნება შეუძლებელი, ჩვენ მოგვიწევს ბაზრის დაკეტვა. მე ძალიან მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, გაითვალისწინონ იმ მეწარმეების მდგომარეობა ვინც ბაზარში არიან დასაქმებულნი, მათაც უჭირთ. არადა საუბარია ელემენტარული 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაზე და მოწესრიგებულად ბაზარში შესვლაზე. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ პოლიციის სრულ რესურს ბაზრის გაკონტროლებაში, რადგან მათ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უწევთ რეაგირების მოხდენა" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ალექსანდრე მოწერელიამ.

მან მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და ხაზი გაუსვა სოციალური დისტანცირების აუცილებლობას.

ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ნაწილობრივ 2 დღის წინ გაიხსნა. მუშაობა განაახლეს ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა და ხილ-ბოსტნის სექციის მოვაჭრეებმა.
Print