ახალი ამბები
მოწერელია ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვაზე: თუ გავრცელება ფართო მასშტაბის იქნება, საკითხი დღის წესრიგში დადგება
ჯანდაცვის თანამშრომლების გადასაწყვეტია, ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა უთხრა. ალექსანდრე მოწერელია მიიჩნევს, რომ თუ კი ვირუსის გავრცელება ფართო მასშტაბის გახდება, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. 

"პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ. ამდენად, ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. დღეის მონაცემებით, ყველა ის ინფიცირებული, ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად ჯერჯერობით არის მიკვლევადი, შესაბამისად ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. როდესაც გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ. 10 პაციენტი გვყავს ამ ეტაპზე რეგიონში, აქედან 6 არის მძღოლის კლასტერიდან. რა თქმა უნდა ამ 6 ადამიანის კონტაქტების შემოწმება ხდება. იქ სადაც ჩვენი მედიკოსები თვლიან, რომ ეს ხალხი იყოს გადაყვანილი კარანტინში ან თვითიზოლაციაში, ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება", - თქვა ალექსანდრე მოწერელიამ.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსზე 70-მდე ნიმუშის პასუხს ელოდებიან. აქედან 8 პირი ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტია. 

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 56, თვითიზოლაციის რეჟიმში კი 205 პირი რჩება. მეთვალყურეობიდან მოიხსნა 920 მოქალაქე.
Print