ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშიდან 93 -ზე დადებითი პასუხია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 10 შემთხვევა - ფოთში, 7 - წალენჯიხაში, 7 - ჩხოროწყუში, 6 - სენაკში, 3 - ხობში, 1 პაციენტი კი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიიდან არის შემოყვანილი.

"ინფიცირებულთა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი - ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 119 კოვიდ დადასტურებული პაციენტი, მათგან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 9 პირი მათ შორის 5 რუხის კლინიკიდან და 4 კი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 174 ადამიანი იმყოფება.


Print