ახალი ამბები
სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება.  NCDC-ის წარმომადგენლის ნანა ოდიშარიას თქმით, მიიღეს რეკომენდაცია, რომ აცრები ჰოსპიტალურ კლინიკებში გაკეთდეს და დაკვირვების პერიოდი 30-დან 45 წუთამდე გახანგრძლივდეს. მისივე განმარტებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არის ჰოსპიტალური კლინიკა, სადაც გართულებების შემთხვევაში პაციენტის მართვა შესაძლებელია.

„გვერდითი მოვლენები ყველა აცრას ახასიათებს და ნებისმიერი კლინიკა, სადაც აცრები ტარდება, ანტიშოკური პრეპარატებით მომარაგებულია. ჩვენს რეგიონში, სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პერიოდი დაიწყებოდა, უამრავი ვიზიტი განვახორციელეთ მუნიციპალიტეტების კლინიკებში. ყველა კაბინეტი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და პრეპარატებით. ამ ეტაპისთვის ცვლილება ის არის, რომ ზუგდიდში აცრა პოლიკლინიკაში არ ჩატარდება და ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ „ევექსის“ ჰოსპიტალში გაგრძელდება. დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ცვლილება არ გვაქვს“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, თბილისში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 27 წლის ექთანი გარდაიცვალა, რომელსაც „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში გაუკეთდა. მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Print