ახალი ამბები
ზუგდიდში მასწავლებლების 40%-ზე მეტი აიცრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების თითქმის ნახევარი უკვე აიცრა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სულ სკოლებში დასაქმებულმა 816 ადამიანმა გაიკეთა, მათგან 715 მასწავლებელია. სულ ზუგდიდის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში 1 530 მასწავლებელი ირიცხება.

"გვაქვს ცალკეულ სკოლებში 60-დან 70% მაჩვენებელი მინიმუმ 1 დოზით მაინც ვაქცინირებული მასწავლებლების. მაგალითად, ზუგდიდის I და II საჯარო სკოლა, ინგირის და კახათის სკოლები, სადაც მასწავლებლების უმრავლესობა აიცრა. იმედი გვაქვს ასე გაგრძელდება", - აღნიშნა მან.

ბულიას თქმით, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ის ვარაუდობს, რომ მომდევნო დღეებში აღნიშნული ციფრები გაიზრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია, დასწრებული სწავლება დაიწყოს. თუმცა, როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით სწავლის დაწყების რეკომენდაციის გაცემა გაუჭირდება.


Print