ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში გალის რაიონიდან შეყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ გალის რაიონიდან გადაყვანილ 50 წლის ქალს  COVID – 19 დაუდასტურდა. პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ მოვიდა.  სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი სოფელ საბერიოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნებოდა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს, ხოლო მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ეს უკვე მეორე დადასტურებული შემთხვევაა ზუგდიდში. ამის შესახებ განცხადება ამ წუთებში სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა.

კიდევ ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდგინდა, 67 წლის მამაკაცია, რომელიც ასევე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მედიკოსების თქმით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, ინფექციურში დღეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მას ხველებისა და ცხელების სიმპტომები აქვს. საჭიროების შემთხვევაში მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 103 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე https://stopcov.ge/ ვრცელდება. ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 პირი. 103 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.



Print