ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარი შესაძლოა ხვალიდან დახურონ
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შპს "სუპერმარკეტის" დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა უთხრა. მისი თქმით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

"იყო ჩვენთან მერი, ნახა სიტუაცია და პასუხს ველოდებით. გუშინ რომ გამოცხადდა ბაზარი იხურებაო, დღეს შედარებით ხალხმრავალი იყო აქაურობა. დღესასწაულები რომ არის გადატვირთული, დაახლოებით ისე იყო. მანამდეც და დღესაც თანამშრომლებიც, მოვაჭრეებიც ვაკონტროლებთ, ვცდილობთ რომ დისტანცია იყოს დაცული მომხმარებლებს შორის. არ ვიცი რას გადაწყვეტენ ზემდგომები, დახურვა ცოტა სირთულეებთან არის დაკავშირებული, იცით რომ ბევრი მოვაჭრე მუშაობს აქ. ამბობენ დაგვირიგონ 1000 -1000 ლარი და დავჯდებითო სახლში. რთული საკითხია, თუმცა თუ გადაწყვეტილება მიიღო მერიამ, წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ რა თქმა უნდა", - ამბობს ის. 

სენაკის აგრარული ბაზრის დახურვის შემდეგ, სავარაუდოდ, შეწყვეტს მუშაობას ზუგდიდისა და ფოთის ბაზარიც. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ჟურნალისტებმა ისაუბრა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. 

"ეს ღონისძიება არ არის ის, რაც სახელმწიფოს ინტერესებში აქვს, რომ გინდა თუ არა დაიკეტოს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თქვენი უსაფრთხოება იქნეს დაცული. სავარაუდოდ, ალბათ ყველა აგრარულ ბაზარს შეეხება და სამივე აგრარული ბაზარი ჩვენს რეგიონში იქნება დახურული. მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმარისი. აქ არის ნაღდი ფულის მოძრაობაზე და იცით რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ფულით იქნა დაინფიცირებული, ამდენად ჩვენ ვერ დავაყენებთ ვერავის რისკის ქვეშ. შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიხუროს ბაზრები. ორშაბათიდან შესაძლოა ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხუროს", - თქვა მან. 




Print