ახალი ამბები
მერი: ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება
ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განმარტებით დილიდან გაიხსნება შპს "სუპერმარკეტის" ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია. მისივე თქმით, ადგილზე უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.

მერის ინფორმაციით, ხვალიდანვე გაკონტროლდება მოქალაქეთა ნაკადი, რათა მათ შორის დისტანციის დაცვა მოხდეს. ასევე, ამ მიმართულებით განხორციელდება ბაზრის გარე ტერიტორიის კონტროლიც.

აგრარული ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გაუწევენ. გიორგი შენგელიას თქმით, ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ზომებს ისევ გაამკაცრებენ.

ზუგდიდის ბაზარმა მუშაობა 6 აპრილს შეწყვიტა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურებოდა.

Print