ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ნათესავის სამძიმარზე იმყოფებოდა 
რუხის საავადმყოფოში გუშინ, დღის მეორე ნახევარში საკარანტინო ზონიდან გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ დაუდასტურა.

"შემოგვემატა ერთი პაციენტი, რომელსაც ლარსიდან საზღვრის კვეთა აქვს. მამაკაცია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ დღის მეორე ნახევარში შემოიყვანეს, დღეს დილით ჩაუტარდა ტესტირება", - თქვა მან.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით 70 წლამდე მამაკაცი რუსეთიდან 12 ივნისს ჩამოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა. მას პისიარ კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო, რის შემდეგაც ის 14 ივნისს საკარანტინო ზონიდან დროებით, ძმის გარდაცვალების გამო გაათავისუფლეს. ამავე ცნობით, კიდევ 7 ადამიანი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
Print