რეგიონი
3 ეტაპი - თბილისში ზუგდიდელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება (ფოტო)
თბილისში, სამი მეგობრის მიერ შექმნილ გალერეაში, ზუგდიდელი მხატვრის ბექა სვირავას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, დაახლოებით 40-მდე ნახატი ერთი სახელწოდების ქვეშ გააერთიანა და მათი გაყიდვა გადაწყვიტა.

„როგორც წესია, მხატვრები საკუთარ სიცოცხლეში არ ყიდიან საკუთარ ნამუშევრებს, მაგრამ ეს არის სივრცე, სადაც ვქმნით მათ და ვყიდით კიდეც. ეს, დაახლოებით, მეშვიდე გამოფენა-გაყიდვაა ჩემი. შინაარსი და სტილისტიკა იცვლება, თუმცა, ამჯერად ხარის კულტი გავააქტიურე. წიქარა, აფრიკული ხარები - ასეთი შინაარსის ნახატებია ზეთით ტილოზე შესრულებული“, - თქვა მხატვარმა.

მისივე თქმით, ნამუშევრების ფასი 150-დან 1500 ლარამდე მერყეობს, თუმცა კოლექციაში აქვს ნახატები, რომლებსაც არასდროს გაყიდის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზუგდიდელმა შემოქმედმა გვითხრა, რომ საქმიანობის აქტიურად გაგრძელებას გეგმავს.

გამოფენა-გაყიდვა ხვალ, 19 ოქტომბერს, საღამოს შვიდ საათზე გაიმართება.

ფოტოები: ბექა სვირავა
Print