პოლიტიკა
ალექსანდრე მოწერელია: ბოლო ორი წელი სამეგრელოსთვის რთული იყო
„ქართული ოცნების“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ბოლო ორი წელიწადი სამეგრელოს რეგიონისთვის რთული იყო. მოწერელია დასძენს, რომ სამეგრელოში „მეტი ამერიკა და ევროკავშირია“ საჭირო. მისივე თქმით, ქვეყნისთვის რეგიონების სწრაფი და თანაბარი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი იმისა, რომ ვიმუშავოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად. ბოლო ორი წელიწადი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის რთული იყო, ჯერ ფაროსანა, შემდეგ ვირუსი, თუმცა, ჩვენ, მთავრობამ მოსახლეობასთან ერთად წარმატებით მოვახერეხთ ამ პრობლემების დაძლევა. წელს ჩვენ ველოდებით ძალიან კარგ მოსავალს, ამავე დროს ვირუსის მართვის სწორმა და დროულმა ღონისძიებებმა საშუალება მოგვცა იმისა, რომ დროულად გავხსნათ ეკონომიკა და აღვადგინოთ ტურიზმი ჩვენს რეგიონში. დღეს საქართველო როგორც არასდროს არის მოკავშირეებთან ერთად - ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან ერთად. მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში. მითუმეტეს, ჩვენ ამის საუკუნოვანი ტრადიციები გაგვაჩნია ევროპასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაღრმავება“, - თქვა მოწერელიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამეგრელოს რეგიონის სამ ოლქში მაჟორიტარობისთვის ალექსანდრე მოწერელია, ირაკლი ხახუბია და ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებენ.


Print