კორონავირუსი
ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნებით ერთი პირი მოათავსეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 70 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებლი ნიშნებით წუხელ მოათავსეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ზუგდიდში 20 მარტს ჩამოვიდა. რეგიონის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, მას ჩამოსვლის დროს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ნანა ოდიშარიას თქმით, პაციენტისთვის კორონავირუსზე ანალიზი აღებული აქვს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პასუხს დღეს საღამოს ელოდებიან.

„შემოყვანილია მამაკაცი, რომელიც კორონავირუსზე  შესაძლო განსაზღვრებაში ჯდება. შესაბამისად მას ავიღეთ ბიოლოგიური მასალა, ლაბორატორიული სინჯისთვის. გაიგზავნება ქუთაისის ლუგარის რეგიონულ ცენტრში. პასუხის შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია. პაციენტი იყო თვითიზოლაციაში. ის საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა 20 მარტს, ზედმიწევნით იცავდა თვითიზოლაციის წესებს. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებოდით. ტემპერატურა გუშინდელ დღემდე არ ჰქონდა. გუშინ საღამოს აუწია და გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში“, - ამბობს ნანა ოდიშარია.

ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით კიდევ ერთი პირი იმყოფება, რომელიც ანაკლიაში არსებული საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს, თუმცა მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
Print