კორონავირუსი
ორსანტიაში ბოლო 3 დღეში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა - სოფელში მასიური ტესტირება მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში ბოლო 24 საათში 51 ადამიანი გაიტესტა და კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 31 მარტიდან დღემდე სოფელში Covid-19 სულ 17 ადამიანს დაუდასტურდა. ორსანტიაში კორონავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ ფოთში მდებარე "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება,  რადგან თავდაპირველად ვირუსი სწორედ იქ მომუშავე 4 ქალს დაუდგინდა.

სოფელში მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ასევე, ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ადგილობრივების მასიური ტესტირება ხორციელდება.

"ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები, მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება", - თქვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, რომელიც ორსანტიაში ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება. 


Print