ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ადგილობრივი აგროპროდუქციის საექსპორტო პოტენციალი (ფოტო)
მეციტრუსეობა აფხაზეთის სოფლის მეურნეობის წამყვანი მიმართულებაა. ეს დარგი შემოსავლის ძირითადი წყაროა იმ მეწარმეებისთვის, ვინ ამ კულტურის მოყვანით და რეალიზაციით არის დაკავებული. გარდა ამისა, პროდუქტის ექსპორტის შედეგად მიღებული თანხა მნიშვნელოვნად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე.

როგორც წესი, ციტრუსების სეზონი ოქტომბრის ბოლოს იწყება, ამ დროს ე.წ. ჯუჯა მანდარინი მწიფდება, ხოლო მოსავლის აღების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებზე მოდის და ახალი წლის დღესასწაულებამდე გრძლდება.

ციტრუსების წლევანდელი ფასი იგივეა, რაც გასულ წელს, შესაბამისად 1კგ მანდარინი და ფორთოხალი წელს 19.5, ლიმონი კი - 20 რუბლი ღირს. შედარებით მცირე ზომის, არასტანდარტული პროდუქცია, ჩვეულებრივ, უფრო დაბალ ფასად - 5 რუბლად იყიდება.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის მემცენარეობის განყოფილების უფროსის ედუარდ ბარგანჯიას თქმით, საფასო პოლიტიკა, მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით ყალიბდება. 

"პროდუქტის ფასი დამოკიდებულია იმ დანახარჯებზე, რისი გაწევაც უწევთ მეწარმეებს. თუ ჩვენ ამაზე დაბალ ფასს დავადგენთ, მაშინ ეს მეურნეობები მოგების გარეშე დარჩება", - განმარტავს ის.
სპეციალისტების პროგნოზით, წელს შარშანდელზე ორჯერ ნაკლები მოსავალია მოსალოდნელი, გასულ წელს ის 35 ათას ტონას შეადგენდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ამ კულტურისთვის ​მსხმოიარობის პერიოდულობის შემცირება დამახასიათებელია.

"შეიძლება ერთ წელს მაღალი მოსავალი იყოს, მომდევნო წელს კი გაცილებით ნაკლები, გარდა ამისა, კლიმატურმა პირობებმა იქონია გავლენა, წელს გვალვა იყო და ნაყოფის გარკვეული ნაწილი ჩამოცვივდა", - ამბობს ბარგანჯია.

თუმცა, მისივე თქმით, სამინისტროს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და წელს ციტრუსის ხარისხი გაცილებით მაღალია.

2019 წელს აფხაზეთიდან 20 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება. საბაჟო კომიტეტის სტატისტიკური განყოფილების მონაცემებით, 2018 წელს აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში 30 ათასი ტონა ციტრუსი გაიტანეს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print