ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმელი და ზუგდიდელი სპორტსმენები - იზოლაცია და პანდემიის გამო გადადებული შეჯიბრებები (ფოტო/აუდიო)
სოხუმში, პანდემიის გამო, ამ დრომდე აკრძალულია დახურულ სივრცეებში მასობრივი და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, ასევე სპორტული კლუბების და სექციების ფუნქციონირება. თუმცა, ნაწილმა, შეზღუდვების მიუხედავად, უკვე განაახლა მუშაობა. ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო, სპორტსმენები მკაცრ იზოლაციაში აღმოჩნდნენ.  

კარატე კიუკუშინკაიში აფხაზეთის დამსახურებული მწვრთნელის საველი ჭითანავას თქმით, არსებული რეგულაციების გამო, წვრთნები ამ პერიოდის განმავლობაში, ღია სივრცეში ტარდებოდა, რაც უარყოფითად აისახა მისი მოსწავლეების შედეგებზე. ამასთან, როგორც ის ამბობს, ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო, სპორტსმენების უსაფრთხოების დაცვაც.
1059fm · საველი ჭითანავა - მწვრთნელი
"ჩვენი სახეობა კონტაქტური კარატეა სრულად. იყო პერიოდი, როდესაც ტატამის გარეშეც ვვარჯიშობდით, თუმცა, როდესაც ორთაბრძოლაა, ხალიჩა აუცილებელია. ჩაფხუტი კი ახურავს სპორტსმენს, მაგრამ, ფეხით თავში დატყმისას, ის შეიძლება დაეცეს და ასფალტზე დაარტყას თავის, ეს კი დაუშვებელია", - ამბობს სოხუმელი მწვრთნელი.  

მისი თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, სპორტის ამ სახეობით  დაკავებული ახალგაზრდების რიცხვი, მხოლოდ სოხუმში, 120-დან 30-მდე შემცირდა. ჭითანავა თვლის, რომ ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ადრე ათვისებული უნარების აღდგენა მოზარდებს ძალიან გაუჭირდათ.
1059fm · საველი ჭითანავა
"ბევრი ბავშვი, რომელიც სპორტული დარბაზების გახსნას ელოდებოდა, ამოვარდა ჯგუფებიდან. გამოდის, რომ სადღაც ნახევარი წელი არ უვარჯიშიათ... ჩვეულებრივ, ჩვენ ივნისსა და ივლისში ვვარჯიშობთ და მხოლოდ აგვისტოში დავითხოვდით ხოლმე ბავშვებს, რადგან აღმოსავლური ორთაბრძოლისთვის, 1 თვეც დიდი დროა, მერე რთულია დაწევა, ჩათვალე, რომ ნახევარი წელი დაკარგე", - განმარტავს ის.

ძიუდოში აფხაზეთის დამსახურებული მწვრთნელი ანდრეი პოღოსოვი რესპუბლიკაში პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციას ომისშემდგომ პერიოდს ადარებს, როდესაც სპორტსმენებს ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდათ ფორმის აღსადგენად.
1059fm · ანდრეი პოღოსოვი
"ჩვენთან აქ ომი რომ იყო, ერთი წელი გაგრძელდა და დიდი ჩავარდნა გვქონდა მაშინ სპორტში და ყველაფერში საერთოდ, ძალიან ბევრი სპორტული დარბაზი  დაზიანდა. მთელს მსოფლიოს ჩამოვრჩით მომზადების დონით, ბევრი გუნდი დაიშალა, არაფერს ვამბობ უფროს ჯგუფებზე, უმცროსი ჯგუფები საერთოდ გაქრა ახლა და დაახლოებით იგივე სიტუაციაა ახლაც.  პირველი შედეგები, როდესაც აქ მეტნაკლებად დალაგდა სიტუაცია, სადღაც 10-15 წლის შემდეგ მივიღეთ", - ყვება ძიუდოისტი.   

კიდევ ერთი მწვრთნელი სერგეი დემიანოვი თვლის, რომ ხანგრძლივი პაუზა  უახლოეს მომავალში აისახება სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე, რადგან ამ ეტაპზე უმცროსი ასაკის ბავშვებით ახალი ნაკადის შევსება ფაქტობრივად არ ხდება.
1059fm · სერგეი დემიანოვი
"სპორტსმენები, რომლებიც, უკვე ორი წელია ემზადებიან, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ფორმას, ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა და სპორტულ ასპაროზობებზე გაყვანა. მაგრამ, ახალი ნაკადში დიდი დანაკარგი გვაქვს, ჩვენ, ფაქტობრივად, დავკარგეთ ის ბავშვები, რომლებიც, ორიენტირებულები იყვნენ სპორტის ამ სახეობაზე. აღმოსავლური ორთაბრძოლა ხომ ადრეული სპორტული სპეციალიზაციაა, რადგან რთულია აიყვანო 15 წლის მოზარდი და გაწვრთნა ისე, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს", - ამბობს სპეციალისტი.  

საველი ჭითანავა თვლის, რომ ამ შემთხვევაში, აფხაზეთმა იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გამოიყენოს, რომლებმაც, მკაცრი რეგულაციების დაცვით, მაინც მოახერხეს სპორტული სექციების გახსნა.
1059fm · მწვრთნელი
"ჯგუფში 20 კაცია დაშვებული, ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. დისტანციას ისედაც ვიცავთ 2-3 მეტრს. კარატეში ბელარუსის ფედერაციიდან ჩემმა მეგობარმა ალეხნოვიჩმა მირჩია ასეთი რამ - ისინი ვარჯიშის დროს მეწყვილეებს არ ცვლიან. იმ შემთხვევაში, თუ მათგან რომელიმე დაავადდა, ორივეს უშვებენ დასასვენებლად, დანარჩენები კი მუშაობას განაგრძობენ და პროცესი გრძელდება", - ამბობს სპორტსმენი.

ამ ეტაპზე, აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია, ნაწილი კი  12 აპრილამდეა გაგრძელებული. ჯერჯერობით უცნობია, დაიშვება თუ არა მასობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება და სპორტულ დარბაზებისა და კლუბების მუშაობა.  





ზუგდიდელი სპორტსმენი, კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია გვიყვება, რომ სხვა სპორტსმენების მსგავსად, ისიც დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის გამო ჩაიშალა სამი ოფიციალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას გეგმავდა.

"31 დეკემბერს ჩინეთში, შემდეგ იყო 14 მარტს ესპანეთში და გასული წლის 20 ნოემბერს მქონდა ჩანიშნული სინგაპურში ტურნირი, რისთვისაც ვემზადებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში როდესაც ეს გავრცელება მოხდა და სწრაფი ზრდა დაინფიცირების, ჩვენი ქვეყანა "გაწითლდა" და იქაც, სინგაპურშიც ვერ გავემგზავრე შეჯიბრზე", - ამბობს კიკბოქსიორი. 

მისი თქმით, ამ პირობებში, სპორტსმენისთვის ძალიან ძნელია ტონუსის და მოტივაციის შენარჩუნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაფრის დაგეგმვა არ შეიძლება.

ყველა რეკომენდაციის დაცვის მიუხედავად, ვერც ვირუსით დაინფიცირებას ასცდა. 5 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც, როგორ ყვება, არცთუ ისე მარტივად გადაიტანა.

"მივხვდი იმას, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ყველამ აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ", - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ სპორტსმენებს შორის, ვინც საყოველთაო კარანტინის დროს გულშემატკივრებისა და გამომწერებისთვის ონლაინ-ვარჯიშებს ატარებდა. ახლა ამ შეხვედრებმა, ფეისბუქ ლაივიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა. მსურველთა ჯგუფი კვირაში ერთხელ, სუფთა ჰაერზე, პარკში იკრიბება და იქ ვარჯიშობს მსოფლიო ჩემპიონთან ერთად.

პანდემიის პირობებში, პირველი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 26 თებერვალს სინგაპურში შედგა. ამჯერად, გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ, როგორც ამბობს, მთავარია, რომ ტურნირები დაწყებულია მსოფლიოს მასშტაბით და აუცილებლად ჩაერთვება ამ პროცესში და "ქვეყნის დროშას ღირსეულად გაიტანს".

ახლა ინტენსიურად ვარჯიშობს  და ემზადება ზაფხულისთვის. გარდა ამისა, აქტიურადაა ჩართული, სპორტის ამ მიმართულების პოპულარიზაციაში. როგორც გვითხრა, ნოემბრისთვის  ზუგდიდში კიკბოქსინგში "კოლხეთის თასის" მე-12 ტურნირის ჩატარებაც იგეგმება, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print