მულტიმედია
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
დღეს ზუგდიდში აქცია, სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართა. მოქალაქეებმა, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, გააპროტესტეს ე.წ უცხოელი აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში ხელმეორედ დაინიცირება.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, პროტესტის გამომხატველი ტრანსპარანტებიც. მოგვიანებით კი, მსვლელობით, მერიის შენობისა და "ქართული ოცნების" ოფისის წინ გადაინაცვლეს.

რადიო "ათინათმა" აქციის მონაწილეებს სთხოვა, რამდენიმ წინადადებით ეთქვათ, რატომ არა "ოცნების" კანონს.

განსხვავები პროფესიების, საქმიანობისა და შეხედულებების პასუხები შინაარსობრივად საერთოა, სათქმელი და არგუმენტებიც ერთი აქვთ.
"არა რუსულ კანონს იმიტომ, რომ ამ კანონით აფხაზეთში ვერ დავბრუნდებით. არა რუსულ კანონს იმიტომ, რომ რუსული კანონი ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. არა რუსულ კანონს იმიტომ, რომ ამ კანონით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ", - თქვა "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა რადიო "ათინათს" ეუბნება, რომ კანონის მიღების მთავარი მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის გაუქმება, რომელიც მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას გვაახლოებს.

"ამ კანონის მიღება ჩვენ გვიკარგავს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პერსპექტივას ამიტომაც, არა რუსულ კანონს. დაუშვებელია, ჩვენ ქვეყანაში მივიღოთ კანონი, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზას დაგვიკარგავს. არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, დღეს აქტიურად საუბრობენ სახელმწიფოში არსებულ პრობლემებზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობაზე. სწორედ ამ აზრის, ამ ხმის გაქრობა უნდათ, ამიტომაც ცდილობენ ისინი რუსული კანონის მიღებას", - განმარტა მან.

"რუსული კანონით ჩვენ ვუბრუნდებით საბჭოთა კავშირს, რუსული კანონით ჩვენ სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს, რუსული კანონით ჩვენ არ გვაქვს მომავალი. არა რუსულ კანონს, კი - ევროპას", - ამბობს ნანა შედანია, სოციალური კაფე "მეგობარის" დამფუძნებელი.

"ჩვენ ჩვენს წინაპრებს მონებად არ გავუზრდივართ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შალვა ესართიამ.

ადგილზე შეკრებილი სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები დღეს საერთო მიზანმა, ე.წ აგენტის კანონის მიმართ წინააღმდეგობამ გააერთიანა. მიუხედავად, მათი მრავალფეროვანი არგუმენტებისა, საუბრისას ყველას სათქმელი იდენტური იყო.
Print