მულტიმედია
ზუგდიდში პარკირების პრობლემა(ვიდეო)

ზუგდიდში მანქანებს ტროტუარებზეც ნახავთ. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილებზე ავტომობილები უპრობლემოდ მოძრაობენ. „მანქანების დასაყენებელი ადგილი ,რომ იქნება გამოყოფილი,მოწესრიგდება ყველაფერი და პრობლემაც მოიხსნება“- ამბობს ზურაბ ცირამუა.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ტროტუარზე მანქანის გაჩერება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტროტუარზე დგას შესაბამისი საგზაო ნიშანი და არის შესაბამისი საგზაო მონიშვნა. თუმცა, ქალაქში არსებული პარკირების პრობლემებისა და არასაკმარისი სადგომების გამო ცენტრალურ ქუჩებში საცობები, უკვე რამდენიმე თვეა ,ყოველდღიურობად იქცა. „მანქანით გადაადგილება ქალაქში არის ძალიან დიდი პრობლემა, მე,რომ სამსახურში მოვხვდე ნახევარი საათი წრეზე დავდივარ“- აცხადებს ზუგდიდის მკვიდრი ლელა კვარაცხელია.

„გათენდა და გაჭედილია ზუგდიდის ქუჩებში მანქანები,ორ- სამ წელიწადში აქ მანქანით ვერ გაივლი“- აღნიშნა „ათინათთან“ საუბრისას ტრისტან ნარმანიამ.

მანქანები დგანან არა მხოლოდ სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, არამედ ყველგან, სადაც კი მათი მფლობელი თავისუფალ ადგილს იპოვის. ბარიერებს,ლენტებს ,სკამებს და სხვა წინაღობებს ხშირად წააწყდებით ზუგდიდის ქუჩებში მანქანებისთვის მონიშნულ სადგომებზე.

ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში ავტოსადგომის ზედამხედველი მანქანის მძღოლებისგან სიმბოლურ თანხას იღებს. „თუ მაჩუქეს ფული მათი ნებაა ,თუ არადა არ ვთხოვ არაფერს,“- განაცხადა ავტოსადგომის ზედამხედველმა მერაბ შელიამ.

როდის და როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, ჯერ- ჯერობით უცნობია. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამ თემაზე ჯერეჯრობით კომენტარს ვერ აკეთებენ.
Print