მულტიმედია
50 წელი ქალაქის სამსახურში - ზუგდიდის ყველაზე სტაჟიანი მეეზოვე (ფოტო, ვიდეო)
ვალერი ბარაბაში ზუგდიდს თითქმის 50 წელია ასუფთავებს. დედაც მეეზოვე იყო. 5 წლიდან, ჯერ დედას ეხმარებოდა, 16-ისა კი თვითონაც მეეზოვე გახდა. მას შემდეგ ვალერის სხვა საქმის კეთება აღარც უცდია.

„პატარამ დავიწყე აქ მუშაობა, დედას ვეხმარებოდი. პასპორტი რომ ავიღე, მაშინ ამიყვანეს ოფიციალურად. ახლა უკვე 60 წლის ვარ და მაინც ვაგრძელებ. როგორი დედაც მყავდა, ვცდილობ ისეთი ვიყო“.

ქალაქში ვალერის ყველა იცნობს. "ზუგდიდდასუფთავების" ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი ცენტრალური ბულვარის დასუფთავებას მზიან დღეებში დილის 6 -ის ნახევრიდან იწყებს, ცუდ ამინდში კი ერთი საათით გვიან. ახლა, ნოემბერში, ფოთოლცვენის პერიოდი ყველაზე რთულია, ერთი და იგივე ადგილის დაგვა დღეში რამდენჯერმე უწევს.

რაც თავი ახსოვს, ქუჩას ასუფთავებს და ფიქრობს, რომ ზუგდიდელების ქალაქისადმი დამოკიდებულება დღემდე თითქმის არ შეცვლილა.

„ეზარებათ აიღონ და ჩააგდონ ნაგვის ყუთში... მიწაზე დაგდება უფრო იოლია ალბათ“.

მუშაობაში მუსიკა ეხმარება, თან გვის და თან საყვარელ კომპოზიციებს უსმენს 80-იანების როკ-რეპერტუარიდან. განსაკუთრებით Smokie, Queen და კრის ნორმანი უყვარს.
„მეუბნებოდნენ წადი თბილისში, იქ უკეთ გადაგიხდიანო... მე ეს ქალაქი მიყვარს. იყო ცუდი დღეებიც, მაგრამ არ მიმიტოვებია მუშაობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო იქ, სადაც დედაჩემი მუშაობდა“.
უხელფასოდაც უმუშავია. 90-იანების ომისა და არეულობის დროს გასამრჯელოს თვეობით ვერ უხდიდნენ, თუმცა არც საცხოვრებლად სხვაგან წასვლაზე უფიქრია და არც სამსახურის შეცვლაზე. ახლაც ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, ხვალაც იგივეს გააკეთებს.
Print