ნაძვის ხეები, ანგელოზები, ირმები, თოვლის ბაბუები, რუდი, გოჭები - ეს იმ საახალწლო ნაკეთობების ნაწილია, რომლებსაც ზუგდიდელი მადონა ჯაბუა, ციცინო შენგელია და მალო კოტუა
ამზადებენ. სამი სხვადასხვა პროფესიის ქალმა საყვარელი საქმიანობა ბიზნესად აქცია და საკუთარ ნამუშევრებს უკვე ყიდის. განსაკუთრებულად მათ ნამუშევრებზე მოთხოვნა დღესასწაულებზე იზრდება, როცა სახლებისა და ნაძვის ხეების გასალამაზებლად თუ საჩუქრებისთვის მათ უფრო ხშირად მიმართავენ. 



სამედიცინოზე და შემდეგ საბანკო საქმეზე სწავლის შემდეგ მალო კოტუა ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ხელნაკეთი ნივთების დამზადება იქნებოდა. ახლა ამბობს, რომ ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და საახალწლოდ სასაჩუქრე ჭიქებსა და სათამაშოებს ხალისით ამზადებს. მასთან ერთად პატარა სახელოსნო ოთახში მისი შვილი, 3 წლის ემილიც „მუშაობს“. 
„ეს არის ჩემი არა ჰობი, არამედ, უკვე პროფესიაც... ეს მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. თან, ძალიან აქტიურად ჩუქნიან ადამიანები ერთმანეთს ჩემს დამზადებულ ჭიქებს, ბურთულებს, ჩანთებს. ამჟამად, ძალიან მოთხოვნადია „რუდი“, სანტას დამხმარე და მისი ძერწვა უფრო ხშირად მიწევს“, - ამბობს მალო. 
განსხვავებული პროფესიისა და ასაკის მიუხედავად სამი ზუგდიდელი შემოქმედი, რომლისთვისაც ხელსაქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა, ამბობს, რომ ხელნაკეთი ნივთები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მომავალში კი, თითოეული მათგანი საქმის გაფართოებაზე და გამრავალფეროვნებაზე ფიქრობს. ახლა კი საახალწლო ნაკეთობების დათვალიერება და შეძენა მსურველებს მათი ფეისბუქგვერდების საშუალებითაც შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები