მულტიმედია
მიუსაფარი ცხოველების დღე ზუგდიდში (ფოტო)
მიუსაფარი ცხოველების მსოფლიო დღეს ზუგდიდის ქუჩებში უპატრონო ცხოველების უჩვეულო ნაკლებობაა. თუ აქამდე ოთხფეხა მეგობრებს ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში წააწყდებოდით, დღეს მათი უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე შეიძლება შენიშნოთ.„რომ არ მუშაობს რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტები, ალბათ ამიტომ არ ჩანან. ქვეყანაში ისეთი ამბავია, ამათი ბედი ახლა მით უმეტეს ვისღა ახსენდება“, - წუხს ზუგდიდის მკვიდრი ზაურ კვარაცხელია.
დაახლოებით ერთი თვეა ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს  შენობაში ჩასახლებული დევნილები 2 წლამდე ასაკის უპატრონო ძაღლს კვებავენ. როგორც ამბობენ, ის 3 ლეკვთან ერთად მანქანით მოიყვანეს და დატოვეს. აფხაზეთიდან დევნილი ჯამულ ბაძაღუა ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია.
„მოსახლეობა, ვისაც შეუძლია, აძლევს პურს. მე უფრო იმაზე ვნერვიულობ, ლეკვი გზაზე გადადის ხოლმე და მანქანა გაიტანს. ყოფილა აქ ასეთი შემთხვევები. რესტორანში რომ მოდიოდნენ ტურისტები, ხშირად ისინი აძლევდნენ საჭმელს, ახლა კი ახლა რა სიტუაციაა იცით თქვენც. კარგი იქნება ლეკვი მაინც წაიყვანოს ვინმემ“, - გვითხრა მან.
ყოველდღიურად 10-მდე ძაღლს აპურებს ზუგდიდში ერთ-ერთი მარკეტის მფლობელი მარინე აქირთავა.
„ხალხი რომ დადიოდა, ბევრი აძლევდა საკვებს. ახლა რომ არავინაა, მშივრები არიან. ძალიან მეცოდებიან, ძაღლია, მაგრამ ცოცხალი არსებაა ესეც“, - ამბობს ის.
თითქმის ოთხი წელია, რაც საკუთარი ხარჯებით და სხვა ცხოველთა მოყვარულების დახმარებით ცდილობენ მიუსაფარი ცხოველების შიმშილისგან გადარჩენას გიგა ჯიქია და მისი მეუღლე, თამარი. საკუთარ საქმიანობაზე საუბარი არ უყვართ, რადგან როგორც თვითონ ამბობენ, „სიკეთე ჩუმად კეთდება“. ცოლ-ქმარი ქალაქის ტერიტორიაზე 50-ზე მეტ უპატრონო ძაღლს კვებავს.
„სულ დავდივართ და ვაჭმევთ, აქამდეც და შეზღუდვების მერეც უფრო. რუსთაველის ქუჩიდან ვიწყებთ, წრეს ვარტყამთ ცენტრს. ჩვენი ხარჯით, რასაც ვახერხებთ. ხშირად სხვა ცხოველთა მოყვარულებიც გვეხმარებიან. სახლთანაც 10-მდე ძაღლი გვყავს მიკედლებული. გვცნობენ უკვე, ხომ ხედავთ. ყველას სახელს ვეძახით. მეზობლებთან ომი გვაქვს, არ უყვართ აქ ძაღლები. თავშესაფარი 2 წლის წინ უნდა ყოფილიყო, მიწაც არისო, მაგრამ ჯერ არაფერია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გიგა ჯიქიამ.
ზუგდიდში მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის პროექტირება, გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამეტაპიანი პროექტირების დასრულების საბოლოო ვადა 2020 წლის იანვარი უნდა ყოფილიყო. თავშესაფრების პროექტირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარი გამოიყო.
Print