მულტიმედია
#რავაჩუქო - ზუგდიდელი მეწარმის პლატფორმა ქართველი სტარტაპერების მხარდასაჭერად (ფოტო/ვიდეო)
პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მალევე შეწყვიტა და საქმიანობა აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში განაგრძო. 31 წლის მიშა ჩხოლარია მთელი ქვეყნის მასშტაბით მეწარმეებს პლატფორმით "რა ვაჩუქო" საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება.
მანამდე იყო ბევრი იდეა, სურვილი და მოტივაცია, რომ ზუგდიდში შექმნილიყო რაღაც ისეთი, რაც შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდებოდა.   

"2017 წლის ბოლოს ტექნოპარკში მენტორობას ვუწევდით ახალგაზრდებს და სხვადასხვა იდეაზე ვმუშაობდით. სწორედ ამ გენერირების პროცესში გამოიკვეთა საჭიროება, რაც შეიძლება ლოკალურ იდეებზე გვემუშავა და ზუგდიდიდან დაგვეწყო საქმიანობა ", - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.

თავიდან მიშა ტექნოპარკში დანადგარებზე მუშაობდა და სასაჩუქრე ნივთებს ამზადებდა. ინტერესი ნელ-ნელა იზრდებოდა და ასე დაუგროვდა სუვენირები, აქსესუარები - თითოეული მათგანი განსხვავებული თემატიკით. მალე გაჩნდა სურვილიც, რომ მასთან ერთად ეს საქმე სხვებსაც ეკეთებინათ. ასე გაჩნდა საწარმო "რა ვაჩუქო" ფეისბუქ გვერდითა და ონლაინ წვდომით. ნელ-ნელა მიშას ვებგვერდს მეწარმეებიც ემატებოდნენ,  მომხმარებლებიც და ნამუშევრების ასორტიმენტიც.

"ეს სახელი ამართლებდა მიზანს რა მიმართულებითაც ვმუშაობდით. თავიდან გვქონდა ფეისბუქ გვერდი, შემდეგ იყო სხვა საჭიროებები. მარტო ფეისბუქ გვერდის მეშვეობით რთული იყო კომუნიკაციის დამყარება მომხმარებელთან, მათთან, ვინც საჩუქარს ეძებდა, ასე გავაკეთეთ პლატფორმა "რა ვაჩუქო ჯის" სახელწოდებით. რადგან პროდუქციაზე დიდი იყო მოთხოვნა, სხვა მეწარმეებიც შემოვიკრიბეთ, ძირითადად ადგილობრივები, შემდეგ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულ მეწარმესთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება ჩვენი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება იყოს. ამ ეტაპზე ვებგვერდს მე ვმართავ, მაგრამ გაფართოების შემთხვევაში დაგვჭირდება ადამიანური რესურსიც.

მეწარმეებს, რომლებიც მუშაობენ ხელნაკეთ ნივთებზე და ორიენტირებულები არიან წარმოებაზე უნდა დავანახოთ საჭიროება, რომ ჩვენი პლატფორმა მათთვისაც კარგია და მომხმარებლებისთვისაც. სოციალურ მედიას აქტიურად ვიყენებთ. აქ 45 ათასამდე ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს ნივთი, მეწარმემ კი საკუთარი პროდუქტი ფასის, ხარისხის და გემოვნების შესაბამისად შესთავაზოს. ჩვენი მიზანია არამარტო პლატფორმის გაძლიერება, არამედ მეწარმეების გაერთიანება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია მეწარმეებს მივცეთ შესაძლებლობა, მათი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი მომხმარებლისთვის სწრაფად და ხარისხიანად", - ამბობს მიშა.

განსაკუთრებულად იხსენებს პერიოდს, როცა ე.წ. "მენტორშიფის" - შეგირდობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ლტოლვილთა დანიის საბჭოს დახმარებით, მიშამ შეგირდები აიყვანა და მათ საკუთარ საწარმოში სხვადასხვა ხელსაქმე ასწავლა. მანამდე კი, DRC-ის მხარდაჭერით თავად გაიარა ზუგდიდის სამეწარმეო სკოლის კურსები

"დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება. იყო წარმატებული მაგალითები, როდესაც მათი პროექტების მეშვეობით ჩვენთან საწარმოში  გადავამზადეთ რამდენიმე ადამიანი. იყო სხვა ტიპის თანამშრომლობები და ვფიქრობთ, მეწარმეების მხარდაჭერის თვალსაზრისით DRC-ისთან ერთად საინტერესო პროექტები შეგვიძლია განვახორციელოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში", - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.

ხის ღვინის ბოთლის სათავსოები, ანგელოზები, საახალწლო დეკორაციები, საქართველოს რუკის ფორმის საათები, ანიმაციებთან ასოცირებული ნივთები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რასაც საწარმო ამუშავებს.

მეგობრებთან ერთად დაწყებულ საქმეს ახლა დამოუკიდებლად აგრძელებს. მოახერხა, და ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სასაჩუქრე პროდუქტი აქვს. მათ შორის, პროდუქციის ნაწილს ემიგრანტები ყიდულობენ. მიშა გვიყვება, რომ ნივთები ქვეყნის მასშტაბითაც იგზავნება. საზღვარგარეთ მყოფი ქართველები მეტწილად პატრიოტულ თემატიკაზე დამზადებულ სუვენირებს უკვეთავენ. "რა ვაჩუქო" კი მათ სასაჩუქრე ნივთებს იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში უგზავნის.

"ამ ეტაპზე ჩვენ მიერ დამზადებული პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიაში გადის - არის საბავშვო ნივთები, სახლის დეკორაცია და კედლის დეკორატიული ნივთები. არის ნივთები, რომლებიც ბიზნეს სექტორისთვის უფრო  საინტერესოა და კორპორატიულ საჩუქრებში გადის", - დასძენს მიშა და მუშაობას განაგრძობს.

ახლა "რა ვაჩუქო" განსაკუთრებული დატვირთვის მუშაობისთვის ემზადება, რადგან საახალწლოდ შეკვეთების რაოდენობა იმატებს. მიშა ცდილობს, რომ მის მიერ დამზადებული პროდუქციით მომხმარებლებიც კმაყოფილები დარჩნენ და დაინტერესებულ პირებსაც ამ სფეროში უნარების განვითარებაში ეხმარება. სამომავლოდ ის საწარმოსა და შესაბამისად, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

Print