მულტიმედია
იტალიურ სიმღერებზე შეყვარებული ყოფილი პოლიციელი ზუგდიდიდან (ფოტო/ვიდეო)
Buongiorno! Come sta? Prego, prego!

მოწესრიგებულ მეგრულ ეზოში შუახნის მამაკაცი ღიმილით გვეგებება და სახლში გვპატიჟებს. Bene, grazie, - ვპასუხობ დაზეპირებული ფრაზით და ხელს ვართმევ მასპინძელს. აქვე არიან მისი დიდი ოჯახის წევრებიც, ჩვენი დანახვა ყველას უხარია. დავით რაფავა ყოფილი სპორტსმენი და პოლიციელია. სპეციალური დანიშნულების რაზმიც გაუწვრთნია. კარატეში სხვადასხვა მიღწევა აქვს, თუმცა, ყველაზე მეტად სიმღერა უყვარს, უფრო თუ დავკონკრეტდებით, იტალიური სიმღერები. მათ 15 წლის ასაკიდან უსმენს, ჰყავს რამდენიმე კუმირიც.

"სან რემოს ფესტივალზე ვნახე, როგორ მღეროდა ტოტო კუტუნიო. ამ დროს ვიყავი 15 წლის, ალბათ. იმ დროიდან მიყვარს იტალიური, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ენა ვიცი. ერთხელ რომ მოვუსმენ, ვიმახსოვრებ და ვასრულებ ხოლმე, მეტწილად, არც მესმის რაზეა ესა თუ ის სიმღერა, მაგრამ ჟღერადობას და განწყობას ვიჭერ. სხვები ამბობენ, რომ ძალიან კარგად გამომდის, მე ვერ შევაფასებ საკუთარ თავს", - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

55 წლის თვითნასწავლ მომღერალს გამორჩეულად უყვარს კლაუდიო ვილლა, ლუჩანო პავაროტი, ენრიკო კარუზო, მარიო ლანცა, რობერტინო ლორეტი, ადრიანო ჩელენტანო და სხვა. მათი რეპერტუარიდან ათობით სიმღერა იცის და სიამოვნებით ასრულებს ჩვენთვისაც.
სიმღერებთან ერთად უყვარს ყველაფერი, რაც იტალიურ კულტურას უკავშირდება. გულგრილი არც სპორტის მიმართაა და წლებია, იტალიის ნაკრებს გულშემატკივრობს. ახლა ყველაზე დიდი აღფრთოვანებით ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს და მისი წარმატებითაა ბედნიერი.

"გახარებული ვარ და ჩემს სიამაყეს საზღვარი არ აქვს, რომ კოლხი ბიჭის, ჩვენი კუთხის შვილის სახელს მსოფლიოში სკანდირებს ყველა - ხვიჩა ! ხვიჩა ! გაგიჟებულია ყველა და ეს მეამაყება. გაუმარჯოს, მინდა კიდევ უფრო დიდი წარმატება ჰქონდეს და მალე ეთქვათ, რომ მარადონაც დაჩრდილა".
ახლა დავითის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი ოჯახია - მეუღლე და 17 წლის ვაჟი. ის მეზობლების, ნათესავების და რიგითი ზუგდიდელებისთვის ხშირად ასრულებს საყვარელ სიმღერებს და ბევრ დადებით ემოციასაც იწვევს. გვეუბნება, რომ ეს მისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. დავით რაფავას ნადირობა და თევზაობაც უყვარს. ამბობს, რომ მის ყოველდღიურობას იტალიური სიმღერები გასდევს ფონად, რის გამოც ყველა საქმე უფრო იოლად გამოსდის.

იტალიურ სიმღერებზე შეყვარებული ზუგდიდელი დათო რაფავა ოცნებობს ოჯახთან ერთად იმოგზაუროს იტალიაში და მისი საყვარელი მომღერლების სიმღერები სწორედ იმ ქალაქების ქუჩებში შეასრულოს, სადაც ისინი შეიქმნა.
Print