სარეკლამო მასალა
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე წლიური კონფერენცია ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ რიგით მეოთხე წლიური კონფერენცია გამართა, რომელზეც 2019 წელს ჩატარებული სამუშაოები და წელს განსახორციელებელი გეგმები მიმოიხილეს. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და ფერმერები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს უახლესი ინფორმაცია თხილის დარგში არსებულ გამოწვევებზე და მიღწევებზე. კერძოდ, ისაუბრეს მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის ხერხებზე, ნიადაგის განაყოფიერების მნიშვნელობაზე, მოსავლის დაზღვევასა და შეღავათიან აგროკრედიტებზე.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 2013 წელს შეიქმნა. ამ დროისთვის ის აერთიანებს 15 000 - მდე წევრს, რომელიც გაერთიანებულია 1320 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. მისი მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ პრაქტიკული გამოცდილება და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები. თითოეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი ფერმერი.

დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ემსახურება 100-მდე კვალიფიციური აგრონომი, რომელიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში უწევს კონსულტაციას ფერმერებს, აძლევს მათ რეკომენდაციებს და აკვირდება მათ მიერ თხილის ბაღებში შესრულებულ სამუშაოებს.
გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ ისეთი შეღავათებით და სერვისებით, როგორიცაა ნიადაგის გამოკვლევა, შესაწამლი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის შრობა-შენახვა. ასოციაცია უზრუნველყოფს ასევე მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საჭირო სასუქების, შხამქიმიკატებისა და ინვენტარის გამარტივებულად შეძენის მიზნით.

2019 წელს ასოციაციასთან ერთად განხორციელდა „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“, რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, USAID და ფერერო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასოციაციაში დამატებით გაწევრიანდა 14 000-მდე მეთხილე ფერმერი, რომელსაც უსასყიდლოდ გადაეცა 2000-მდე შესაწამლი აპარატი.

პროგრამის წარმატებით განხორციელებამ განაპირობა თხილის მოსავლის, როგორც ხარისხობრივი გაუმჯობესება, ისე მოსავლიანობის ამაღლება და შესაბამისად ფერმერთა შემოსავლების გაზრდა.

პროგრამა გაგრძელდება 2020 წელსაც, რომლის ფარგლებში იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30 000 ფერმერამდე და 1 500 შესაწამლი აპარატის გადაცემა.

კონფერენციას სხვადასხვა დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მწარმოებლები, ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვევო კომპანიები და თხილის სექტორში მოღვაწე მეცნიერები ესწრებოდნენ.


Print