სარეკლამო მასალა
ექიმი ენგურის ორივე მხარეს - ხათუნა გარგულიას ისტორია (ვიდეო)
გენდერული უთანასწორობის პრობლემას ქალები ქართულ რეალობაში თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან. მათთვის ბარიერები ნებისმიერ გარემოში იქმნება. მიუხედავად საზოგადოების პროგრესისა და ერთი შეხედვით დამოკიდებულების შეცვლისა, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქალებს და მოქალაქეთა ჯგუფებს რეგულარულად უწევთ ბრძოლა ქალთა გაძლიერებისთვის.

ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის მიერ ორგანიზებული პროექტი „მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში", ხორციელდება გამყოფი ხაზის მიმდებარედ განლაგებული ცხრა სოფლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ქალებთან თანამშრომლობით.
დღეს გიყვებით ექიმის შესახებ, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე მდინარე ენგურის ორივე მხარეს ზრუნავს და თითქმის ყოველდღე უწევს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა. ხათუნა გარგულია აფხაზეთში დაიბადა, საშუალო განათლება სოფელ საბერიოში მიიღო.

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი გადაწყვიტა იმ ადამიანებს დახმარებოდა, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრებენ.

"ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ისტორია პირდაპირ კავშირშია აფხაზეთთან. მე გახლავართ საბერიოდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ კი დავუბრუნდი ჩემს კერას. ეს იყო ბავშვობის ნატვრა, ოცნება და სურვილი და სწორედ ამ გზას მივყვები დღემდე,"- გვიყვება საბერიოს სასწრაფო გადაუდებელი - დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა გარგულია.

ჩვენს რესპონდენტს კომუნიკაცია უწევს ქალებთან მდინარე ენგურის ორივე მხარეს. მისი თქმით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მძიმე პრობლემად რჩება ქალების გააქტიურების საკითხი, მათი განვითარება კი მუდამ სირთულეებთან და ბარიერებთან არის დაკავშირებული.

"მე მინდა ყველა ქალს ვუთხრა, რომ მითია, თითქოს, ქალი სულ უნდა იყოს არჩევანის წინაშე - ან პირადი ცხოვრება ან კარიერა. ქალს შეუძლია იყოს კარგი დიასახლისი, კარგი მეუღლე, კარგი თანამშრომელი და წარმატებული საქმის ავტორი. არ არსებობს სუსტი ქალი, ყველა ქალი არის ძლიერი,"- უთხრა რადიო "ათინათს" ხათუნა გარგულიმ.

ხათუნა გარგულია სხვა ქალებს ურჩევს, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და იპოვონ საქმე, რომელიც ძალიან უყვართ. ბარიერების და სირთულეების გადალახვა კი მისი აზრით ნებისმიერ ქალს შეუძლია.

"ჩვენი პროექტის ერთ ერთი მიზანია საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით და ქალთა წარმატებული ისტორიების წარმოჩენით, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას,შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუნდაც მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებში,"- აღნიშნა ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ ჩვენთან საუბრის დროს.

სტატია გამოცემულია ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის დაკვეთით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.




Print