რეგიონი
სოხუმში ფიქრობენ, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლით „აფხაზეთის მოქალაქეები“ არ დაინტერესდებიან
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს, რომ "აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემის პროცედურების გამარტივებაზე საქართველოს განცხადება მორიგი მცდელობაა, მოხიბლონ ისინი ცრუ დაპირებებით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე",

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ გააკეთა.

მისი თქმით, "ქართული მხარე ადრეც ცდილობდა აფხაზების ხაფანგში გაბმას ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღების მოწოდებით, რომელიც ფაქტობრივად, ქართული იყო და საქართველოს სტრუქტურების მიერ გაიცემოდა".

"ეს პროექტი მთლიანად ჩავარდა. სტატისტიკის თანახმად, ჩვენს მოსახლეობას მის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია. ამასთან, ე.წ. ნეიტრალური პასპორტები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ ცნო. ჩვენს მოქალაქეს ეს ნეიტრალური პასპროტი რომც მიეღო, ხუთი-ექვსი ქვეყნის გარდა მას ვერსად გამოიყენებდა", - აღნიშნა ტანიამ.

მისივე თქმით, "ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს აფხაზეთის მოქალაქეთა საერთაშორისო კონტაქტები".

"სწორედ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებით არ აძლევენ ვიზებს რუსული საზღვარგარეთის პასპორტების მფლობელ აფხაზებს", - დასძინა დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის: თბილისი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ევროპაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობას სთავაზობს. ამისთვის აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საქართველოს ბიომეტრიული პასპორტები უნდა აიღონ.

Print