რეგიონი
ზუგდიდში სოციალურად შეჭირვებული ოჯახებსისთვის 2016 წელს70 სახლი აშენდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის მომავალ წელს 70 სახლის აშენებას გეგმავს, საიდანაც 20 სახლი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით, 50 კი პოლონური ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.

გამგეობის პრესსამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განმარტებით, ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია პოლონეთში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა და იქ მოიძია ორგანიზაცია, რომელიც მზადაა, აღნიშნული პროექტი დააფინანსოს, თუმცა უწყება ორგანიზაციის სახელწოდებას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

„ოჯახების შერჩევის კრიტერიუმები იგივე დარჩება, ეს იქნება მრავალშვილიანი ოჯახები თუ მარჩენალდაკარგულები. არ შეიცვლება სახლის დიზაინი, თუმცა იქნება უფრო დიდი და კომფორტული. ასევე, შესაძლებელია, მოხერხდეს ამ ოჯახების ავეჯით უზრუნველყოფა“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ღურწკაიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და რემონტს არ ექვემდებარება, საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში უშენებს. პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარი გამოიყო. წელს 16 ერთოთახიანი (22 კვ/მ) და სამოთახიანი (41კვ/მ) სახლები აშენდა. პროექტი საპილოტე იყო. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. პროექტის იდეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიზო სართანიას ეკუთვნის.

Print